ავატარი: ლეგენდა კორაზე – მიმოხილვა

The Legend of Korra

როდესაც რაიმე ორიგინალი სერიალის გაგრძელება ან ახალი ვერსია იწყება მაყურებელი მას არც თუ ისე დადებითად ხვდება. ნებისმიერი შოუს ფანების უმრავლესობა გეტყვის, რომ „არაფერი სჯობია ორიგინალს“ და უმეტეს შემთხვევაში მართლებიც არიან. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი სერიალი გვახსოვს რომლთა გაგრძელებებმაც ისეთივე წარმატება ჰპოვა, მეტი თუ არა, როგორიც მათმა წინამორბედებმა, მაგალითად: Angel, ქსენა: მებრძოლი პრინცესა (Xena: The Warrior Princess), ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა (Star Trek: The Next Generation) და ა.შ. რაც შეეხება ავატარი: ლეგენდა კორაზეს (The Legend of Korra) ნიკელოდეონმა ტელევიზიაში დააბრუნა თავისი ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმი ავატარი: ლეგენდა აანგზე (Avatar: The Last Airbender) და მეტი ეფექტისთვის არ შეუცვლია ფილმის შემქმნელები – ბრაიან კონიეტზკო და დანდე დიმარტინო და შედეგიც მალევე მიიღო – ავატარი წელს Comic-con-ზე აღიარეს ყველა დროის ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ანიმაციურ საგად.

რა კუთხითაც არ უნდა შეხედო სერიალს ლეგენდა კორაზემ ყველანაირად აჯობა ორიგინალ ავატარს. ტექნიკურად თუ ვიმსჯელებთ ამ ფრენჩაიზის ანიმაცია არასდროს არ ყოფილა უკეთესი ვიდრე ახლა, მეტიც ყველა გამოკითხვით კორა ყველაზე ლამაზი ანიმაციური ფილმია რაც კი ახლა ტელევიზიებში გადის. პერსონაჟებიდან დაწყებული, გარემოს დიზაინითა და წარმოუდგენელი საბრძოლო ქორეოგრაფიით დამთავრებული ეჭვგარეშეა, რომ კორამ საშუალო დონის ანიმაციური ფილმი ტელევიზიის ჯერ არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა. პერსონაჟების იდეალური, მკვეთრი კონტურები ქმნის საოცარ კონტრასტს იმპრესიონისტულ, თითქმის ფერწერულ ფონურ გარემოსთან, ასეთი შედეგის მიღწევა აქამდე ჯერ ვერცერთმა 2D ანიმაციამ ვერ შეძლო.

The Legend of Korra

ასევე საოცარია ანიმაციური ფილმის კრეატიული „ნახტომი დროში“. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ავატარის მოვლენებიდან მხოლოდ 70 წელი გავიდა გარემო ისეა შეცვლილი, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს „შუამიწეთიდან (ბეჭდების მბრძანებელი)“ „1920_იანი წლების ამერიკაში“ გადადიხარ, კორა შუბებისა და ხმლების ეპოქიდან პირდაპირ თვითმფრინავებისა და ავტომანქანების ეპოქაში გადადის… გასაოცარი კონტრასტია!!! თავიდან გარემოს ასეთი ცვლილება შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელი იყოს თუმცა მერე და მერე ხვდები რომ სიუჟეტის ასეთი ცვლილება იდეალურია, თითქოს შოუმ Upgrade-ი გაიკეთა… ამ კუთხითაც ავატარი უპრეცენდენტოა.

კორაში ანტიგმირიც უფრო დახვეწილია ვიდრე მისი წინამორბედი. ამონის იდეები რეალურთან უფრო ახლოსაა და უფრო ღრმაა ვიდრე ცეცხლის ლორდ ოზილის სამყაროზე დომინირების დაუოკებელი სურვილი. ამონი არაერთგვაროვანია, ის გვაცნობს იდეალურად მოფიქრებულ ანტიგონისტურ მხარეს – ასეთი რამ ავატარის სამყაროში ჯერ არ გვინახავს. ოზილი იყო მკვლელი და სასტიკი ტირანი, ამონი კი მორალურად დახვეწილი „სიმართლისთვის“ მებრძოლი გმირის იმიჯს ატარებს, რომელიც იბრძვის არა ძალაუფლებისთვის არამედ იდეებისთვის, რომელსაც ფონად პერსონაჟის მძიმე წარსული გასდევს. პირველი რაც ამონის დანახვისას და მისი პერსონაჟის უკეთ გაცნობისას მოგდის თავში ეს არის V ფილმიდან V როგორც ვენდეტა. მართალია საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ამონს სულ სხვა მიზნები და იდეები ამოძრავებს, თუმცა ის მაინც თანამედროვეობის საუკეთესო ანტიგმირად რჩება.

The Legend of Korra

ასევე ამ ანიმაციაში არის საკმაოდ კარგად შეხამებული იუმორი. მაგალითად ბოულინმა, ტენზინის ბავშვებმა და თვითონ კორამაც გვაჩვენეს ფილმის მსუბუქი მხარე, რაც დაგვეხმარა რომ უკეთესად აღგვექვა ავატარის ახალი ისტორიის მთელი დრამატიზმი. რაც მთავარია პერსონაჟებმა ერთად კარგად იმუშავეს და შექმენს საკმაოდ შეკრული გუნდი – „ავატარის გუნდი“. თითოეულ პერსონაჟს ჰქონდა რაღაც ინდივიდუალური, რაღაც თავისი, მათმა დადებითმა და უარყოფითმა მხარეებმა ერთმანეთი შეავსო და შედეგად შოუ კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

და აი მივადექი კორას ყველაზე დიდ ნაკლს – სასიყვარულო სამკუთხედი, ორ ძმას ერთი და იგივე გოგო უყვართ. არაფერს გახსენებთ? რათქმაუნდა შემქმნელებმა ვამპირის დღიურებიდან ცოტათი იპლაგიატეს. არ მესმის რატომ იყო ეს საჭირო თუმცა ალბათ ამ ნაბიჯით თინეიჯერი გოგონების გული ნამდვილად მოიგეს. ერთის მხრივ საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული მწვანეთვალება ბოულინი, რომელიც კორაზე გიჟდება და მეორეს მხრივ სუპერ-სექსუალური მაკო რომელიც ასევე არ არის გულგრილი გოგონას მიმართ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გაერთიანებული ძალების გენერალი აირო, რომელიც ლორდ ზუკოს შვილიშვილია. მართალია აირო მხოლოდ სეზონის დასასრულს გამოჩნდა და შემქმნელების მხრიდან არანაირი მინიშნება მასსა და კორას ურთიერთობაზე არ ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და აიროს თავისი სათქმელი ჯერ არ უთქვამს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პროდიუსერებმა ცოტა იჩქარეს სასიყვარულო ისტორიებში. რაც ორიგინალ ავატარში მთელი სამი სეზონის (თითო 21 ეპიზოდი) განმავლობაში ვითარდებოდა ის აქ 12 ეპიზოდში ჩაატიეს. კორაში „სიყვარულს“ ნამდვილად დიდი ადგილი უჭირავს… ავიღოთ თუნდაც ლინისა და ტენზინის ისტორია… საბავშვო სერიალი ნამდვილ Adult დრამად იქცა, რაც პირველ რიგში განპიროვნებულია იმით, რომ მთავარი გმირების ასაკი გაიზარდა. თუ ორიგინალ ავატარში პერსონაჟები 12-13 წლის ბავშვები იყვნენ, კორაში უკვე 18-19 წლის თინეიჯერებთან გვაქვს საქმე.

The Legend of Korra

უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ რაც ამ სერიალში მომეწონა, ეს არის სპორტის სახეობა მაგებისთვის – პროფესიონალური-ბენდინგი. როდესაც თავის დროზე „ჰარი პოტერს“ ვკითხულობდი თავებს ქვიდიჩზე ყოველთვის დიდი მოლოდინით ველოდი და ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ პროდიუსერებმა კორაში პრო-ბენდინგის ჩემპიონატს მთელი სერიები დაუთმეს. ამ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ მაგებს შეეძლოთ. ორი გუნდი, რომელიც სამ-სამი წევრისგან შედგებოდა (წყლის მაგი, მიწის მაგი და ცეცხლის მაგი) და თავიანთი მაგიის გამოყენებით მოწინააღმდეგის სცენიდან გადაგდებას ცდილობენ. ანიმაციაში ამგვარი ელემენტის ჩასმამ მის წარმატებაზე უდავოდ დიდი გავლენა იქონია.

The Legend of Korra

სანამ ამ სტატიის წერას შევუდგებოდი, გადავწყვიტე რომ ხალხის აზრი გამეგო კორას შესახებ და სხვადასხა ფორუმებს გადავავლე თვალი. სეზონის დასაწყისში ხალხის აზრი ორად იყო გაყოფილი ძირითადად ასეთი მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებდნენ: “love it” ან “hate it”. თუმცა როგორც კი სერიალი მეოთხე-მეხუთე სერიას გადასცდა მასზე თითქმის ყველა ერთი და იგივეს წერდა „OMG it’s great show I’ve even seen“ (ღმერთო ჩემო ეს საუკეთესო შოუა რაც კი ოდესმე მინახავს).

ასევე ძალიან საინტერესოა სეზონების  მიმდინარეობის სტილი. თუ ორიგინალ ავატარში აანგი თითო სეზონში თითო ძალას (შესაბამისად წყალი, მიწა, ცეცხლი) ეუფლებოდა, კორაში ეს ტრადიცია დაირღვა. ავატარი კორა უკვე სერიალის დასაწყისშივე ფლობდა ოთხიდან სამ მაგიას – წყალს, ცეცხლს და მიწას და პირველი სეზონი ჰაერის მაგიის სწავლას მოანდომა. პირველი სეზონის სათაურიც შესაბამისი იყო „წიგნი პირველი: ჰაერი“. ყველას აინტერესებდა თუ რა იქნებოდა შემდეგი სეზონის სათაური, რადგან კორა ოთხივე სტიქიას უკვე არაჩვეულებრივად ფლობდა და ნიკელოდეონმაც ბევრი არ გვალოდინა და რამდენიმე კვირის წინ სახელიც გაგვიმხილა – „წიგნი მეორე: სულები“. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კორას ყოვეთვის უჭირდა თავის წინა ცხოვრებებთან (წინა ავატარებთან) საუბარი და არც სხვადასხვა სულებთან შეეძლო ურთიერთობის დამყარება, რასაც ორიგინალ ავატარში დიდი ადგილი ეკავა.

The Legend of Korra

ერთი სიტყვით ლეგენდა კორაზე იყო ორიგინალი ავატარის არაჩვეულებრივი გაგრძელება. მასზე უკეთესი იყო თუ არა კორა? ეს კითხვა საკამათოა, თუმცა ერთი რამ უდავოა ნიკელოდეონმა უდიდესი ძალა და შრომა ჩადო ამ პროექტში და ეს დაუფასდა კიდეც… ახალბედებიც და ავატარის დიდი ხნის ფანებიც თანხმდებიან, რომ კორას პირველმა სეზონმა მათ მისცა  დაუვიწყარი მოგზაურობის შესაძლებლობა დრამატიზმითა და იუმორით დატვირთულ ავატარის ლეგენდების სამყაროში. მოკლედ ეს არის ანიმაციური სერიალი, რომელსაც გვერდი ნამდვილად არ უნდა აუარო და აქვე ჩემგან ერთ რჩევა თუ ორიგინალი ავატარი არ გაქვთ ნანახი ნახეთ ჯერ ლეგენდა აანგზე და მხოლოდ ამის შემდეგ უყურეთ კორას.

 The Legend of Korra

The Legend of Korra

563 - ნახვები სულ, 2 - ნახვები დღეს